საკუთარი თავის დეკოლონიზაცია
ჩემი მეგობრის ბედნიერების მიზეზი: საზოგადოებრივ საპირფარეშოში
სალმან რუშდი გაიცნო;
რა საოცრად ახალი ოცნებაა—რომ წინა საუკუნის ყველაზე სკანდალური ავტორი
გაიცნო ორგანიზმის ყველაზე დიდი მოშვების პარალელურად;
და ესაუბრო მას მაიკლ ბლუმბერგის საპრეზიდენტო გეგმებზე,
პუჩინის დადგმაზე მეტროპოლიტენ ოპერაში,
უოლ სტრიტის და მორგან სტენლის ურთიიერთობაზე
და მთლიანად ბოსტნეულის ვეგეტერიანულ საკვებზე.
საოცარი ოცნებაა მეგობრებო
1989 წლის შემდეგ ყველა ჩვენთაგანი ოცნებობდა
რუშდისთან ერთად მოფსმაზე
და ერთი მაინც სკანდალური მოთხრობის დაწერაზე
რომელიც გამოქვეყნდებოდა და ძალიან ბევრ ფულს გააკეთებდა.
მეგობრებო, აღარ ვაპირებ ბევრის თარგმნას
ისედაც ყველამ იცის ინგლისური
დღეს ხომ ყველა ორ ენაზე ფიქრობს,
ან სამ ენაზე, ან ოთხზე
ან კიდევ მეტზე.
მოკლედ, ჩვენ კრიმინალები ვართ.
ჩვენ დავაკანონეთ მაკდონალდის და კოკა კოლას
ოცნება.
და ‘ოიდიპოსის კომპლექსი’.
ჩვენ გავაპრავეთ ‘ვაშინგტონის კონსესუსი”
ჩვენ გავაპრავეთ სოციალური პერვერსია
რომელსაც ლიბერალიზმი ჰქვია,
და რომელიც ბავშვებს გვიკლავს ყოველ დღე.
არადა გვაფრთხილებდა ირაკლი ადრე,
ჩემზე არ არის საუბარი, ჩარკვიანზეა.
რომ ასეთ ცხოვრებას მოყვება სიზმრები
ბურთვულ სოკოზე.
დიახაც მოყვა.
გოგლი-მოგლის სამზარეულოდან
პირდაპირ გუგლის სასადილო ოთახში გადაგვისროლეს.
ახლა ვერ გაგვირკვევია რა სჯობია:
სკაიპი თუ კაიფი?
მაცივარი თუ პოემა?
მოდილიანი თუ ზურგის საფხანი?
ვაჟა ფშაველას დავატაკეთ
მტვრის სასრუტი მანქანა,
რომელიც 76 ლარი და 24 თეთრი ღირს..
იაფია, რას იზამ.
ალბათ გვჭირდება მეგობრებო
საკუთარ თავს რომ დეკოლონიზაცია გავუკეთოთ.
სანამ ქვეყანას გაუკეთებ დეკოლონიზაციას,
საზოგადოებას, შენს ეთნიკურ ჯგუფს
გენდერულ ერთობას, ან რელიგიურ კონფესიას,
იქნებ ისიც ვიკითხოთ:
რამდენად ვარ მე ჩემი ინსტქიტების და ნივთების მონა!
იქნებ ეს არის ჩემს სულში შემოპარული მეხუთე კოლონა!
და იქნებ ამ მონობისგან დეკოლონიზაცია მინდა!
ეს ადვილი არ არის, ჩემო ძვირფასო კლერკო
შენთან ერთად ჩემშიც არის კარიერისტი ტურა,
მატერიალისტი ღორი, და მომხმარებელი ქორი..
და ასეთი ცხოველი ბევრია ჩემში,
ეს არის ჩემი მეხუთე კოლონა!
ჩემი სხეული დღეს საკუთარი მეხუთე კოლონის კოლონიაა,
დეკოლონიზაცია მეხუთე კოლონაზე გადის.
საკუთარ თავში..
Notes:
This poem was first published in Interventions (Stanford University, 2014) and is part of the folio “Broken Lines: A Gathering of Exiled Poets,” curated by Laura Kraftowitz and Edward Salem. Read the rest of the folio in the July/August 2026 issue of Poetry.
Source: Poetry (July/August 2026)


